logo
ENG



ISFED შენგელიას საქმეზე: არის ეჭვები, რომ ეს შეიძლება დაკავშირებული იყოს ია კერზაიას საქმესთან

30 ივნ 202014:58
3 წუთის საკითხავი
 

არასამთავრობო ორგანიზაციები, ბაჩანა შენგელიას საქმეს ეხმაურებიან. სამართლიანი არჩევნების აღმასრულებელი დირექტორი საქმეს პოლიტიკურ დევნას უკავშირებს. ელენე ნიჟარაძე აცხადებს, რომ ბაჩანა შენგელიას საქმე შეიძლება დაკავშირებული იყოს, მისი დედის, ია კერზაიას საქმესთან, რომლის განხილვაც სტრასბურგის სასამართლოში მიმდინარეობს.

„ეს ფაქტები ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ მიმართულია უშუალოდ ბატონი ბაჩანას წინააღმდეგ და პოლიტიკურად არის მოტივირებული, ვინაიდან ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი ჩნდება, რატომ მოხდა მისთვის სანოტარო საქმიანობის შეჩერება, მათ შორის კითხვის ნიშნები ჩნდება იმასთან დაკავშირებით, რომ გარკვეული ცვლილებები განხორციელდა დებულებაში ნოტარიუსთა დისციპლინალური პასუხისმგებლობის შესახებ, ზუსტად ერთი თვის წინ და ზუსტად ეს ნორმა იქნა გამოყენებული ბატონი ბაჩანას წინააღმდეგ და ეჭვები არის, რომ ეს შეიძლება დაკავშირებული იყოს, მისი დედის, ია კერზაიას საქმესთან და სტრასბურგში წარდგენილ მის საქმესთან“,-აცხადებს ელენე ნიჟარაძე.

ბაჩანა შენგელიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ სანოტარო საქმიანობა Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტებისა და მისი აქტივობების გამო შეუჩერეს - ის იუსტიციის სამინისტროს მიერ მისთვის გაგზავნილ წერილს აქვეყნებს.

წერილში ნათქვამია, რომ შენგელია Facebook-ზე „ახორციელებს მიკერძოებული პოლიტიკური შეხედულებების საჯარო გამჟღავნებას და აკეთებს პოლიტიკურ შეფასებებს“.

რამდენიმე დღის წინ ბაჩანა შენგელიას სანოტარო საქმიანობის უფლება შეუზღუდეს. მაშინ უწყებამ წერილობით განმარტებაში მომხდარი დისციპლინური სამართალდარღვევით ახსნა და მიუთითა, რომ დარღვევა ბიუროში მის მაგიერ შემცვლელის ყოფნა იყო.

თავად შენგელია სანოტარო საქმიანობის უფლების შეზღუდვას პოლიტიკური ზეწოლის გაგრძელებად მიიჩნევს.  2018 წელს ბაჩანა შენგელიას დედა ია კერზაია ინსულტის დიაგნოზით გარდაიცვალა. მისი ჯანმრთელობა მას შემდეგ გაუარესდა, რაც სკოლაში, სადაც ის დირექტორის თანამდებობას იკავებდა, შესამოწმებლად განათლების სამინისტროს ინსპექტირების ჯგუფი შევიდა და "მძიმე დარღვევები" გამოავლინა. გარდაცვლილის ოჯახი ამბობს, რომ კერზაიამ სკოლის ამბებზე ინერვიულა, ინსპექტირება კი, თავის მხრივ, მასზე წინასაარჩევნოდ პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირდებოდა.


close დახურვა